14 ნოემბერი 2018,   10:22
ვრცლად
ორი "ნაციონალი" კამათობს, ერთი მეორეს ეკითხება ნიანგი დაფრინავსო, ის ეუბნება, ხომ არ გაგიჟდი რა დაფრინავსო, მიშამ რომ თქვაო? - მდინარაძის ანეკდოტი სესიაზე 

ოპოზიციის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობისა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისადმი გამოთქმულ კრიტიკას კრიტიკითვე უპასუხეს მმართველი გუნდის წევრებმა. 

მამუკა მდინარაძემ ოპონენტებს წარსული კიდევ ერთხელ შეახსენა. დეპუტატი ნიკა მელიას მიერ გაკეთებული განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან განაცხადა, რომ მამუკა ბახტაძემ თავის უწყებაში აუდიტის სამსახურს შესვლაზე უარი განუცხადა, როდესაც ის რკინიგზას ხელმძღვანელობდა.

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მელიას საჯარო გამოსვლის შემდეგ, მან შესაბამისი მასალები მოიპოვა, სადაც აღნიშნულია, რომ აუდიტის სამსახური რკინიგზაში შევიდა. მდინარაძემ მელია სიცრუეში დაადანაშაულა.

მდინარაძემ გიგა ბოკერიასაც უპასუხა. ბოკერიამ პარლამენტში ანეკდოტი მოყვა და მდინარაძემაც მას ანეკდოტითვე უპასუხა, რომელიც მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაზეა.“

„ორი ნაციონალი ეკამათება ერთმანეთს, ერთი მეორეს ეკითხება ნიანგი დაფრინავს თუ არაო. ის ეუბნება, ხომ არ გაგიჟდი, რა ნიანგი დაფრინავსო. მიშამ რომ თქვაო? ნუ ახლა მთლად მტრედივით ვერ დაფრინავს, მაგრამ ისე როგორ არ დაფრინავსო, რას ლაპარაკობო,“ - თქვა მდინარაძემ.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლის დროს, მამუკა ბახტაძეს მიმართა და განაცხადა, რომ მისი მხრიდან ადეკვატური შეფასებები იყო გაკეთებული, მათ შორის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.

„დღეს, ერთ-ერთი მთავრი გამოწვევა, უნდა ვაღიაროთ, რომ არის ეკონომიკა, არის სიღარიბე, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი რჩება და როდესაც პროგრამა ძირითადად ორიენტირებულია ამ გამოწვევების მოგვარებაზე, ადეკვატურობაც ამაში ჩანს,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ მამუკა ბახტაძის მიერ გაჟღერებული საკითხებიც გაიხსენა, რომელიც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტში გააჟღერა.

„მე მინდა ხაზი გავუსვა ერთ მომენტს და სიხარული გამოვხატო იმის გამო, როდესაც თქვენ პასუხობდით, დააფიქსირეთ მკაფიოდ, რომ პარლამენტის როლის გაძლიერებას მიესალმებით და ბუნებრივია, ეს საზოგადოების ინტერესიც არის, იმიტომ რომ შედეგებზე შესაბამისად აისახება ეს ყველაფერი," - აღნიშნა მდინარაძემ.

 

დღის ამბები