21 ივნისი 2018,   23:42
ვრცლად
წასვლა დემარშით - კვირიკაშვილს ივანიშვილის სახელი არც ერთხელ არ უხსენებია

მმართველ გუნდთან აზრთა სხვადასხვაობა - ეს ის საკითხია, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გადადგომის მთავარ მიზეზად დაასახელა. გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, რომ განსხვავებული მოსაზრებების გამო მან  მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობა დატოვოს.

„მე ყოველთვის ვიყავი და ვარ გუნდური მოთამაშე. აქედან გამომდინარე, ვხედავ გუნდში განწყობებს და, რა თქმა უნდა, მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩემს სიტუაციაში უნდა მიეღო ნებისმიერი გუნდის ხელმძღვანელს. მე ვტოვებ დღეს ჩემს თანამდებობას,”-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილმა  იმ მიღწევებზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით თანამდებობაზე ყოფნის დროს მოასწრო, რომ ქვეყანაში განეხორციელებინა. მათ შორის გიორგი კვირიკაშვილმა დაასახელა ეკონომიკური ზრდა.

„დღეს ჩვენ გვაქვს რეგიონში ყველაზე მაღალი, 6,5 %-იანი ეკონომიკური ზრდა აპრილში, 5,5%-იანი ზრდა 2018 წლის პირველ 4 თვეში, მიმდინარე წლის მხოლოდ 5 თვეში ტურიზმის რეკორდული - 24 %-იანი ზრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს ეს მაჩვენებელი 8 მლნ საერთაშორისო მოგზაურს მნიშვნელოვნად გადააჭარბებს,”-განაცხადა კვირიკაშვილმა.  

მან მადლობა გადაუხადა, როგორ მინისტრებს ასევე პარტიის თავმჯდომარეს თანამშრომლობისთვის და მათ წარმატებები უსურვა. 

კვირიკაშვილის გადადგომა ნიშნავს, რომ მთავრობის შემადგენლობა ავტომატურად გადაყენებულია. ამის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ მთავრობის ახალი შემადგენლობა პრეზიდენტს 7 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილმა ასევე 7 დღეში უნდა წარუდგინოს მთავრობის შემადგენლობა პარლამენტს. 

პრეზიდენტმა მთავრობისათვის მოვალეობის დაკისრების შესახებ განკარგულება უკვე გამოსცა. 

ჯერ კიდევ გუშინ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული სხდომის დასრულების შემდეგ ყველა ლიდერი უარყოფდა, რომ პრემიერი გადადგომას აპირებდა. დღეს დილით კი პარლამენტის წევრების ნაწილმა მას მოუწოდა, რომ თანამდებობა დაეტოვებინა.

ამავე თემაზე
დღის ამბები