16 ოქტომბერი 2018,   12:53
ვრცლად
გახარია, ბახტაძე, ცქიტიშვილი - კვირიკაშვილის შემცვლელად რამდენიმე კანდიდატი სახელდება 

გიორგი კვირიკაშვილის შემცვლელად რამდენიმე პირი მოიაზრება. არაოფიციალური ინფორმაციით, მათ შორის არიან: გიორგი გახარია, მამუკა ბახტაძე და მაია ცქიტიშვილი.

გიორგი კვირიკაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება დღეს გააკეთა. მიზეზად კვირიკაშვილმა მასსა და მმართველ გუნდს შორის გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. 

პრემიერი-მინისტრის გადადგომის პარალელურად, უფლებამოსილება შეუწყდა მინისტრთა კაბინეტის მთელს შემადგენლობას.

საპარლამენტო უმრავლესობამ მთავრობის ახალი შემადგენლობა პრეზიდენტს 7 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილმა ასევე 7 დღეში უნდა წარუდგინოს მთავრობის შემადგენლობა პარლამენტს. 

ჯერ კიდევ გუშინ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული სხდომის დასრულების შემდეგ ყველა ლიდერი უარყოფდა, რომ პრემიერი გადადგომას აპირებდა. დღეს დილით კი პარლამენტის წევრების ნაწილმა მას მოუწოდა, რომ თანამდებობა დაეტოვებინა.

გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2015 წლის 30 დეკემბრიდან გახდა, მას შემდეგ რაც ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.

პრემიერ-მინისტრობამდე გიორგი კვირიკაშვილი 3 წლის განმავლობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად მუშაობდა, იყო ასევე ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელიც.

2013 წლის ივლისიდან — 2015 წლის დეკემბრამდე იყო საქართველოს ვიცე-პრემიერიც.

"ქართული ოცნების "ხელისუფლებაში მოსვლამდე კი ის ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ბანკის" გენერალური დირექტორი იყო.

2012 წელს ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილი ქვეყნის რიგით მესამე პრემიერ-მინისტრი იყო. 

დღის ამბები