16 ოქტომბერი 2018,   11:45
ვრცლად
რაც დღეს ვიხილეთ, ეს იყო ყოველგვარ ზღვარს იქით გასვლა - დავით ბაქრაძე "ქართულ ოცნებაში" შეხვედრასა და კომენტარებს აფასებს

„ის, რომ ქართული ოცნების შიგნით ყველა გადაწყვეტილება მიიღება ერთი ადამიანის მიერ და არავინ სხვა საქმის კურსში არ არის, ეს უკვე დიდი ხანია, ცნობილია, მაგრამ რაც დღეს ვიხილეთ, ეს იყო ყოველგვარ ზღვარს იქით გასვლა,“ - ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე, ქართული ოცნების ოფისში გამართულ კონსულტაციებსა და მმართველი გუნდის დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

ბაქრაძის შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან იმის მტკიცება, რომ სამი საათის განმავლობაში UNICEF-ის კვლევაზე მსჯელობდნენ, საზოგადოების დაცინვაა.

„როდესაც სერიოზული სახით გვიმტკიცებენ, რომ, თურმე, მთელი პარლამენტი, მთელი მთავრობა ერთად შეიკრიბა იმისთვის, რომ სამი საათის განმავლობაში ესაუბრათ UNICEF-ის კვლევაზე საოჯახო მეურნეობის შესახებ, არის საზოგადოების აბუჩად დაცინვა და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ გუნდს ქვეყნის ნორმალური მართვის რესურსი არ გააჩნია,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.  

ქართული ოცნების ოფისში დეპუტატები, პრემიერი, მინისტრები და ბიძინა ივანიშვილი სამი საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. სხდომის დაწყების წინ პარტიის ე.წ. ძველი სახეები პირდაპირ მიანიშნებდნენ კვირიკაშვილის კაბინეტის ვადის ამოწურვაზე. სხდომის შემდეგ კი არცერთი მათგანი ჟურნალისტებთან აღარ გამოჩენილა. განმარტებებს მხოლოდ ე.წ. ახალი სახეები აკეთებდნენ, რომლებიც ამბობდნენ, რომ შეხვედრაზე UNICEF-ის კვლევაზე იმსჯელეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები