22 აგვისტო 2018,   01:25
ვრცლად
ზაზა სარალიძის შეხვედრა პროკურატურაში ჩაიშალა

ზაზა სარალიძის შეხვედრა პროკურატურაში ჩაიშალა. ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა მთავარ პროკურორთან შეხვედრას არასამთავრობოების, "სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრისა" და "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხელმძღვანელების თანდასწრებით ითხოვდა, რაზეც პროკურატურის  წარმომადგენელმა უარი განაცხადეს და აღნიშნეს, რომ მთავარი პროკურორი სარალიძეს მხოლოდ პირისპირ შეხვდებოდა.

მთავარი პროკურატურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაგდა კაპანაძემ განაცხადა, რომ ირაკლი შოთაძესთან მხოლოდ ზაზა სარალიძე და მისი ადვოკატი უნდა შესულიყვნენ. დანარჩენი ორი პირის არშეშვების მიზეზად კი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი დაასახელა.

ამ ფაქტს უწყებაში სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ზაზა სარალიძის თქმით, მის კითხვებს არც სასამართლოში და არც პროკურატურაში არ პასუხობენ.

„რომელ საქმის პროკურორთან, რომელიც შეურაცხყოფას მაყენებს მე იქ პროკურატურაში, რომელიც შეურაცხყოფას მაყენებს მე და მითვალთვალებენ მე, იმ პროკურორებს ვესაუბრო? იმ პროკურორებს ვესაუბრო, რომელიც მაფურთხებენ სახეში და მეუბნებიან, რომ ჩემი შვილი რომელიღაც პარტიას მივყიდე?“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მაგდა კაპანაძემ განმარტა, რომ მთავარ პროკურორთან შეხვედრის დროს ხორავას ქუჩის საქმის კონკრეტულ დეტალებზე უნდა ესაუბრათ და ზაზა სარალიძესთან ერთად მყოფ პირებს არ აქვთ უფლება, რომ ფლობდნენ ამ ინფორმაციას.

„ვინაიდან ეს ფორმატი ითვალისწინებდა ბატონ ირაკლისთან და პროკურორთა ჯგუფთან შეხვედრის დროს კონკრეტულ დეტალებზე, კონკრეტულ საპროცესო საგამოძიებო მოქმედებებზე საუბარს და კითხვებზე პასუხის გაცემას, რომელიც ჰქონდა ბატონ ზაზას, ბუნებრივია, ამ მოთხოვნის გათვალისწინებით შეხვედრას ვერ დაესწრებოდნენ ის ადამიანები, რომლებსაც არ ჰქონდათ არც ორდერი და შესაბამისად, არ ჰქონდათ უფლება, სცოდნოდათ და იცოდნენ კონკრეტული დეტალები საქმის შესახებ,“ - განაცხადა მაგდა კაპანაძემ.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები