22 აგვისტო 2018,   01:26
ვრცლად
მმართველი გუნდი „რუსთავი 2"-ის ბოიკოტირებას არ გეგმავს, ოპოზიცია კი საპატრიარქოს მოთხოვნებს ცენზურის დაწესების მცდელობად აფასებს

საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის წევრები საპატრიარქოს განცხადების გათვალისწინებას და „რუსთავი 2"-ის ბოიკოტირებას არ გეგმავენ.  ეკლესიის მოწოდების მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობას ჯერ პასუხი არ აქვს, შეასრულებს თუ არა საპატრიარქოს მოთხოვნას და შეიტანს თუ არა რომელიმე კანონში ცვლილებას.

საპატრიარქომ საგანგებო განცხადებაში ხელისუფლებას მიმართა და მოუწოდა, საზოგადოების დამცავი სამართლებრივი და სხვა მექანიზმები შექმნას.

რას ითხოვს მმართველი პარტიისგან საპატრიარქო, დეტალები განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის.

აპირებენ თუ არა საპატრიარქოს მოწოდებების შესრულებას, ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან მთავრობის წევრებიც თავს იკავებდნენ.

საპარლამენტო ოპოზიცია კი საპატრიარქოს განცხადებაში ცენზურის დაკანონების პირდაპირ მცდელობას ხედავს. „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოში“ ამბობენ, რომ საპატრიარქოს მოწოდება, ხელისუფლებამ კანონმდებლობა შეცვალოს, პირდაპირი შეტევაა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე.

არასაპარლამენტო ოპოზიციამ საპატრიარქო სახელწიფო საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა.

საპატრიარქომ საგანგებო განცხადება გუშინ გამოაქვეყნა. ეკლესია სამღვდელოებას და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს მოუწოდებს, „რუსთავი 2"-ს ბოიკოტი გამოუცხადონ და მასთან თანამშრომლობაზე უარი თქვან.

ავტორი: თამთა ჯიქია.

ამავე თემაზე
დღის ამბები