22 აგვისტო 2018,   01:26
ვრცლად
სააფთიაქო ნარკომანია: „კურიერის“ ექსპერიმენტი - ერთ-ერთი აფთიაქი ფსიქოტროპულ წამლებს ურეცეპტოდ არასრულწლოვნებზეც ყიდის

„კურიერმა“ ექსპერიმენტით გაარკვია, რომ ბათუმში ერთ-ერთი აფთიაქი წამლებს ურეცეპტოდ არასრულწლოვნებზეც ყიდის. პრეპარატი, რომელსაც ხშირად ახალგაზრდები ნარკოტიკული თრობისთვის იყენებენ, მოზარდმა ბათუმის ერთ-ერთ აფთიაქში ურეცეპტოდ შეიძინა. გამყიდველმა სხვა დასახელების ფსიქოტროპული აბებისთვის მეორე დღეს დაიბარა. ფარმაცევტმა დაპირება შეასრულა და პრეპარატი მოზარდს ასევე ურეცეპტოდ მეორე დღესაც მიჰყიდა.

ურეცეპტოდ ფსიქოტროპული წამლების გაყიდვისთვის ჯარიმა სოლიდურია, მაგრამ აფთიაქებს, რომლებიც კანონს არღვევენ, ფულის გადახდა უღირთ. სააფთიაქო ნარკომანია ძირითადად არაბრენდული აფთიაქების ბიზნესია.

საძილე დამამშვიდებელ და კრუნჩხვის საწინააღმდეგო აბებს ნარკოტიკული თრობისთვის ძირითადად არასრულწლოვნები და ახალგაზრდები მოიხმარენ. სპეციალისტების განმარტებით, ამ პრეპარატების მიღებით ხდება თრობის სიმულაციამ, რაც მათ ჯანმრთელობას ანგრევს.

მომხმარებლებს ახასიათებთ ეიფორია, უძილობა და დეპრესია, ხშირია რეპროდუქციის მოშლა, სასიცოცხლო ფუნქციების დაქვეითება და გარდაცვალებაც კი.

ჯანდაცვის სამინისტროში პრეტენზიას გამოთქვამენ ტერმინზე - ”სააფთიაქო ნარკომანიის” გამოყენებაზე, რადგან მათი განმარტებით, აფთიაქებში ნარკოტიკული საშუალებები არ იყიდება, იყიდება პრეპარატები, რომლებსაც კონკრეტული ეფექტის მისაღებად იყენებენ.

 

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

დღის ამბები