22 ივნისი 2018,   05:51
ვრცლად
გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯი - ქარტიის საბჭო საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება 

საქართველოს საპატრიარქოს მიერ "რუსთავი 2"-ისთვის" ბოიკოტის გამოცხადებას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ეხმაურება. ქარტიის საბჭო საპატრიარქოს განცხადებას გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.

განცხადებაში ასევე, აღნიშნულია, რომ საპატრიარქოს განცხადება აგრესიის სამიზნედ აქცევს კონკრეტულ ჟურნალისტს და, ზოგადად, მთელ მედიას.

ქარტიის საბჭოში აცხადებენ, რომ საპატრიარქოს მიმართ საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესი არსებობს, რის გამოც, მედიასთან კომუნიკაცია აუცილებელია.

ქარტიის საბჭო ხელისუფლებასაც მიმართავს და პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს, ასევე, აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ „რუსთავი-2თან“ თანამშრომლობა უნდა გააგრძელოს, რითაც, ისინი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს მაგალითს მისცემენ.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მედიის და ზოგადად, გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის სამღვდელოებას და ყველა მოქალაქეს, “ვისთვისაც ღირებულია ეკლესია”, “რუსთავი 2-სთვის” ბოიკოტის გამოცხადებისკენ მოუწოდებს.

საქართველოში, როგორც დემოკრატიულ ქვეყანაში, ერთ-ერთი უმაღლესი ღირებულება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაა. რაც არ უნდა კრიტიკულ და სხვა ჯგუფებისთვის მტკივნეულ თემაზე ამზადებდეს ჟურნალისტი გადაცემას, მისი გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს. საპატრიარქოს მიერ მოწოდებული ბოიკოტი სწორედ ამ უფლების განხორციელებას უშლის ხელს, აგრესიის სამიზნედ აქცევს კონკრეტულ ჟურნალისტსა და ზოგადად მთელ მედიას. მით უმეტეს, რომ უკვე არსებობს "რუსთავი 2-ის" წამყვანზე სხვა გადაცემის გამო თავდასხმის პრეცედენტი, რა დროსაც 6 პირი დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. სასამართლო პროცესი დღემდე არ დასრულებულა.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ყოველწლიურად ათეულობით მილიონ ლარს საჯარო ფინანსებიდან ხარჯავს. ამასთან, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტია. მისი საქმიანობის მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საპატრიარქომ ითანამშრომლოს და არსებულ კითხვებს უპასუხოს მათ შორის "რუსთავი 2-ის", როგორც ერთ-ერთი დიდი მაუწყებლის მეშვეობით.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარია მიმართავს ხელისუფლებას, რომელიც უნდა იყოს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გარანტი, დაიცვას ჟურნალისტების უსაფრთხოება, ამასთან დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია და მაგალითი მისცეს საზოგადოების სხვა ჯგუფებს ამ ტელეკომპანიასთან თანამშრომლობის გაგრძელებით,“ - აღნიშნულია ქარტიის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები