22 ივნისი 2018,   06:00
ვრცლად
30 ძირი კანაფი - ედიბერიძეების ოჯახი და პოლიცია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ 

კანაფის 30 ძირის გამო დაწყებული დაპირისპირება ედიბერიძეების ოჯახსა და პოლიციას შორის - სოფელ ჭოგნარში სამართალდამცველები ედიბერიძეების ეზოში იმ დროს შეიჭრნენ, როდესაც სახლში მხოლოდ ასაკოვანი ქალები იმყოფებოდნენ.

კონსტანტინე ედიბერიძე სოფელ ჭოგნარიდან პოლიციის მხრიდან ახსნა-განმარტებებს ითხოვს, რატომ წაიღეს მის დაუკითხავად მისი ეზოდან კანაფი. ახალგაზრდა მამაკაცი ამბობს, რომ ის სამსახურში იმყოფებოდა, რა დროსაც მის სახლში სამართალდამცველები მივიდნენ და 30-მდე ძირი კანაფი მოთხარეს.

სანამ ჭოგნარში პოლიცია მივიდოდა, კონსტანტინე კანაფს განსაკუთრებულად და საჯაროდ უვლიდა, მცენარეებს ასმენინებდა მუსიკას და ხშირად Facebook LIVE-ით საზოგადოებას მათი ზრდის პროცესს უჩვენებდა.

კონსტანტინეს მსგავსად პოლიციელებზე, რომლებმაც ეზოში კანაფი მოთხარეს, გაბრაზებულია ბებიაც. 89 წლის ქალი ამბობს, რომ სხვისი შრომისა და ქონების დაზიანებისთვის პოლიციამ პასუხი უნდა აგოს.

პოლიციის მიმართ საყვედური კონსტანტინე ედიბერიძემ ინციდენტის დღესვე დააფიქსირა, დარეკა 112-ში და საკუთარი უფლებების დასაცავად ადგილზე პოლიციის ეკიპაჟი გამოიძახა.

პოლიცია ედიბერიძეების ეზოში სასამართლოს განჩინებით შევიდა. გამოძიება კანაფის კულტივაციის მუხლით მიმდინარეობს.

ედიბერიძეებისგან პოლიციამ მცენარის ძირები შარშანაც წაიღო, თუმცა ყველა მსგავსი მცდელობის მიუხედავად, ეზოში კანაფის დათესვასა და გაზრდას ოჯახის არცერთი წევრი არ მორიდებია. 

დღის ამბები