21 ივნისი 2018,   23:36
ვრცლად
2002 წლისთვის მიგრაციის ნაკადი ზუსტად არ იყო ასახული - საქსტატში ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობენ

ოპოზიციური პარტიების ლიდერების ბრალდებებს მონაცემების გაყალბებასთან დაკავშირებით, საქსტატში ოპოზიციის პასუხობენ და უსაფუძვლოს უწოდებენ. 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის თქმით, მოსახლეობის აღწერაში 2002 წელს გარკვეული ცდომილება დაფიქსირდა.

თოდრაძის განცხადებით, 2002 წლისთვის მიგრაციის ნაკადი ზუსტად არ იყო ასახული, ეს ცდომილება შემდეგ წლებშიც გადავიდა.​ თოდრაძე აცხადებს, რომ მოსახლეობის მიგრაციის სურათი ახლა შეიცვალა, რადგან ახალი მეთოდოლოგიით მოხდა აღწერა.

ახალი მეთოდიკით ჩატარებულმა აღწერამ კი არსებული მონაცემები რადიკალურად შეცვალა.

„2014 წელს ჩვენ ჩავატარეთ საყოველთაო აღწერა, რომელმაც გვაჩვენა მოსახლეობის კლების ტენდენცია ანუ 3 მილიონ 700 ათასი, დაახლოებით. მაშინ როდესაც 2014 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით მიმდინარე მოსახლეობის რიცხოვნობა, დაახლოებით, 4 ნახევარ მილიონ  ადამიანს შეადგენდა ანუ სხვაობა იყო 700 ათასი, რაც არალოგიკურ სურათს ბადებდა და ამან მოგვცა საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ გადაგვეხედა წინა პერიოდები. 2002 წლის მოსახლეობის აღწერაში უზუსტობის გამო ანუ მიგრაციული ნაკადების არასრული აღრიცხვის გამო ხორციელდებოდა ემიგრანტებად წასული პირების, სხვა ქვეყანაში არსებული პირების დაფიქსირება აქ მცხოვრებ მოსახლეობად. შესაბამისად, ამან გამოიწვია 2002 წლის მოსახლეობის რაოდენობის ხელოვნური ზრდა,“ - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

ოპოზიცია სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს უნდობლობას უცხადებს. ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ სხვადასხვა მანიპულაციის საშუალებით საქსტატი ცდილობს, რეალური მონაცემების გადაფარვას და ის მმართველი გუნდის დაკვეთას ასრულებს.

ოპოზიციის წევრების თქმით, ისინი უახლოეს დღეებში პარლამენტში მოითხოვენ, რომ საქსტატი მთავრობიდან პარლამენტის დაქვემდებარებაში გადავიდეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები