22 აგვისტო 2018,   01:24
ვრცლად
სტატისტიკის სამსახური დაექვემდებაროს პარლამენტს, რათა ასეთი მანიპულაციები შეწყდეს - რომან გოცირიძე

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სტატისტიკის სამსახური აყალბებს ინფორმაციას,“ - ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძემ გააკეთა.

ოპოზიცია სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს უნდობლობას უცხადებს. ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ სხვადასხვა მანიპულაციის საშუალებით საქსტატი ცდილობს, რეალური მონაცემების გადაფარვას და ის მმართველი გუნდის დაკვეთას ასრულებს.

რომან გოცირიძის თქმით, ისინი უახლოეს დღეებში პარლამენტში მოითხოვენ, რომ საქსტატი მთავრობიდან პარლამენტის დაქვემდებარებაში გადავიდეს.

„არ არის  სანდო ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის სტატისტიკა, არც ინფლაციის სტატისტიკა, ყოველთვის ისინი მოქმედებენ მთავრობის სასარგებლოდ და უნდათ, პოლიტიკური ქულები ჩაუწერონ მათ და ჩვენ შემოვალთ კანონპროექტით, რომ სტატისტიკის სამსახური დაექვემდებაროს პარლამენტს, რათა ასეთი მანიპულაციები შეწყდეს,“ - აცხადებს გოცირიძე.

რომან გოცირიძე ირწმუნება, რომ საქსტატმა მოსახლეობის რაოდენობასთან და მიგრაციასთან დაკავშირებითაც არასწორი ინფორმაცია წარმოადგინა.

„ეს არის ულოგიკო, ვინაიდან ინფორმაცია ეყრდნობა შსს-ს საზღვრის გადაკვეთას, მეთოდიკა წინაც და ახლაც არის ერთი და იგივე, ამით მათ უნდათ, მიჩქმალონ ის პროცესი, რაც შეიმჩნევა ბოლო 6 წლის განმავლობაში, ტოვებს საქართველოს ხალხი,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დღის ამბები