22 აგვისტო 2018,   01:24
ვრცლად
„ანა დოლიძე რას ამბობს ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია" - ვანო ზარდიაშვილი აშშ-ს საელჩოს განცხადებაზე დოლიძის შეფასებას ეხამაურება

„ანა დოლიძე რას ამბობს და რას აღიქვამს ეს ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს უპრეცედენტოდ გამჭირვალედ"-ასე გამოეხმაურა იუსტიციის საბჭოს წევრის ანა დოლიძის შეფასებას აშშ-ს საელჩოს განცხადებასთან დაკავშირებით ვანო ზარდიაშვილი. დეპუტატის განცხადებით, ანა დოლიძის განცხადება, რომ ვაშინგტონმა ხელისუფლებას სასამართლო სისტემაში არსებულ მდგომარეობასთან მიმართებაში ყვითელი ბარათი აჩვენა, ისევეა საზღვრებს გარეთ გასული, როგორც მას ახასიათებს ხოლმე მსჯელობა.  

საკითხი დგას ესე, როდესაც მოსამართლე არის გამოსაცდელ ვადაში და მას გაუვა სამ წლიანი გამოსაცდელი ვადა, იგი ან უნდა დაინიშნოს, ან არ უნდა დაინიშნოს. შესაბამისად, სხვა გზა არ არსებობს. აქედან გამომდინარე დანიშვნები როგორ უნდა შეჩერდეს მე ამის სამართლებრივი ფორმა არ ვიცი უბრალოდ. შესაბამისად, ქალბატონი ანას მსჯელობები როგორც ყოველთვის  არის ხოლმე საზღვრებს გარეთ,“-განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ ვანო ზარდიაშვილმა.

აშშ-ს საელჩოს განცხადებში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს ვერც მამუკა მდინარაძე. მმართველი გუნდის წევრი ამბობს, რომ დოკუმენტში წერია ის, რასაც ხელისუფლება თავადაც ამბობს და სწორედ ამიტომ მიმდინარეობს ახლა სასამართლო სისტემის მეოთხე ტალღა.

„ასე ზოგადად და უპასუხისმგებლოდ შეგვიძლია ნებისმიერ სანქციაზე, ნებისმიერი სახდელზე ვილაპარაკოთ, რომ ეს არის რაიმე ბერკეტი და რაიმე საშუალება. ჩვენ უნდა ვიყოთ ობიექტურები და უნდა განვწეროთ კონკრეტული გადაცდომის სახეები, რის გამოც მოსამართლეს უნდა დაეკისროს  პასუხისმგებლობა სახდელის სახით და რაც უნდა იყოს ობიექტური. საელჩოს განცხადებაში წერია ის, რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ მთელი ამ ხნის განმავლობაში. რომ კიდევ უფრო უნდა დაიხვეწოს  ის მექანიზმი რა მექანიზმითაც  უნდა იმუშაოს სასამართლომ. მათ შორის  არის იმ რეფორმაზე საუბარი რასაც ჩვენ ახლა ვახორციელებთ,“-განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

სასამართლო სისტემის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა დღეს იმართება. შეხვედრაზე მხარეები მსჯელობენ მოსამართლეთა დისციპლინური დევნის კრიტერიუმებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება აშშ-ს საელჩოს განცხადებას, ვაშინგტონი ხელისუფლებას სასამართლოზე არასათანადო ზემოქმედებისა და არაფორმალური მმართველობის თავიდან ასაცილებლად, ასევე საზოგადოების ნდობის ამაღლებისთვის გამჭვირვალე სამართლებრივი ჩარჩოს მიღებისკენ მოუწოდებს.  

ამავე თემაზე
დღის ამბები