22 აგვისტო 2018,   01:24
ვრცლად
"რუსთავი2"-ის გარშემო შექმნილი ვითარება, ამერიკელი პარტნიორების შეშფოთებას იწვევს - ვაშაძე

ამერიკის შეერთებული შტატები "რუსთავი2"-ზე მიმდინარე ზეწოლით შეშფოთებულია - ამის შესახებ განცხადება, "ახალი საქართველოს" ლიდერმა გააკეთა. 

სწორედ "რუსთავი 2"-ის  წინააღმდეგ ხელისუფლების მორიგი შეტევა იყო გიორგი ვაშაძისა და ბრიჯიტ ბრინქსს შორის გამართული შეხვედრის ერთ ერთი მთავარი თემა.

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ სამაუწყებლო კომპანიის გარშემო შექმნილი ვითარება, ამერიკელი პარტნიორების შეშფოთებას იწვევს.

გიორგი ვაშაძემ სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული კონსულტაციების დროს, ასევე საპრეზიდენტო არჩევნებისათვის მზადებისა და ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის წარდგენის შესახებაც ისაუბრა.

ვიზიტის ფარგლებში ახალი საქართველოს თავმჯდომარე სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ რამდენიმე შეხვედრას გამართავს.

„სამი მნიშვნელოვანი საკითხი რაზეც გვქონდა საუბარი - პირველ რიგში ეს არის დიდი ოპოზიციური გაერთიანება, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ, რომ საერთო ოპოზიციური კანდიდატი წარვადგინოთ საპრეზიდენტო არჩევნებში. ფაქტობრივად „ქართულმა ოცნებამ“ პირდაპირი ბრძოლა კიდევ განაახლა „რუსთავი2“-ის წინააღმდეგ სტრასბურგში სარჩელით. სამწუხაროა, რომ გარკვეული ოპოზიციური პარტიების განცხადებებია დართული ამ სარჩელზე, მაგრამ დეტალურად ვისაუბრეთ ამაზე და საკმაოდ მნიშვნელოვანი შეშფოთებაა ამერიკის მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით,“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები